ნატო-საქართველოს კომისია
ნატო-საქართველოს კომისია (ნსკ) 2008 წლის სექტემბერში დაარსდა. იგი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშემწყობ პოლიტიკური კონსულტაციებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის ფორუმს წარმოადგენს.
ამ ახალი ერთეულის დაფუძნების ჩარჩო დოკუმენტს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს ქ. თბილისში, 2008 წლის 15 სექტემბერს. პირველი სხდომაც დაუყოვნებლივ გაიმართა, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.
ნატო საქართველოს კომისიის მიზანია ნატო-სა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება ყველა შესაბამის დონეზე.
კომისია ასევე ზედამხედველობას უწევს 2008 წლის აპრილში ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე დაწყებულ პროცესს, როდესაც ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ამ მიზნით კომისია ხელს შეუწყობს საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს ნატოში გაწევრიანების მიზნით მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმები, მიმართული დემოკრატიული და ინსტიტუციონალური მიზნების მისაღწევად.
კომისიის კიდევ ერთი მიზანია კოორდინაცია გაუწიოს ალიანსის ძალისხმევას, დაეხმაროს საქართველოს რუსეთთან 2008 წლის კონფლიქტის შედგების აღმოფხვრაში;
მონაწილეობა
ნატო-ს წევრი ყველა სახელმწიფო და საქართველო წარმოდგენილნი არიან ნატო-საქართველოს კომისიაში, რომელიც ელჩებისა და სამხედრო წარმომადგენლების დონეზე იკრიბება რეგულარულად, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებისა და შტაბების ხელმძღვანელების დონეზე-პერიოდულად, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - სამიტების დონეზე.
მაღალი დონის შეხვედრები მზადდება ნატო-საქართველოს კომისიის პოლიტიკური კომიტეტის ფორმატში, რომელიც იმავდროულად პოლიტიკური და უსაფრთხოების სფეროში აზრთა მუდმივი გაზიარებისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პროგრამების მომზადებისა და შეფასების ადგილს წარმოადგენს.
ნსკ-ს მუშაობა
ნატო-საქართველოს კომისია წარმოადენს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ამ პროცესში ნატო-ს ხელშეწყობის და რეგიონული უსაფრთხოების საერთო საკითხებზე საქართველოსა და ალიანსს შორის საკონსულტაციო ფორუმს.
2008 წლის დეკემბერში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება გააფართოონ ნსკ-ს მუშაობა წლიური სამოქმედო პროგრამის (ANP) საშუალებით.
წლიურმა ეროვნულმა პროგრამამ, რომელმაც დასრულებული სახე 2009 წლის გაზაფხულზე მიიღო, ჩაანაცვლა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP), რომლითაც 2004 წლიდან წარიმართებოდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა.
ნატო-საქართველოს კომისია ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს თანამშრომლობის განვითარებას პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის ფორმატში და ასევე სამხედრო თანამშრომლობის სფეროში.